როცა მამაჩემს ახალი თავი შეუკერეს

1299166

ველოდებოდი, როდის ვიტყოდი ამ სიტყვებს თამამად, წელში გამართული და თავდაჯერებული. ეს სწორედ ის დღეა, როცა მე ბედნიერი ვარ, რომ მამა ცოცხალია!

ამბების გამოგონება ძალიან მიყვარს. მარტივია სიტყვების შეზავებით დიდი ამბის გამოცხობა, მაგრამ რეალურ ამბავზე დაწერა – რთული. მერედა, თუ ეს რთული ამბავი საკუთარია და შენში ცხოვრობს უკვე შვიდე დღეა. რა ცოტაა შვიდი დღე არა? მოდი, ასე ვთქვათ, 604 800 წამია რაც ვიმეორებ, რომ მამა ცოცხალია. უკვე – …801.

მე და მამას არ გვაქვს ისეთი მოგონებები ძალიან ლამაზად რომ გამოიყურება და კიდევ უფრო ლამაზად რომ წარმოითქმის, მაგრამ კავშირი, რაც ჩვენს შორის არის სულაც არ საჭიროებს სილამაზეს. ის ძლიეირია.

სულ რომ არაფერი, მამას ვგავარ. ეს მაშინ გავიგე, პირველად რომ თვალი გავახილე და საავადმყოფოს სუნი ვიგრძენი, მერე სადღაც დიდ დერეფანში გამატარეს, მძიმე კარი გააღეს და დაკვირვების ობიექტად მაქციეს. სწორედ მაშინ ბებიებმა გადაწყვიტეს, რომ მამას ვგავარ. არა, კი არ ვგავარ, ზედ გამოჭრილი მამა ვარ. დღემდე არ ვიცი რა არის გამოჭრილი ან ვინ ჭრის საერთოდ…

ერთხელ ბებიასთან ვიყავი, ვათვალიერებდი ალბომს და სურათი ვიპოვე. შავ-თეთრი, ცოტა გაცრეცილი და მოძველებული. ვუყურებდი დიდხანს. ცნობისმოყვარეობით თვალები გამიფართოვდა, გამიმუქდა. ჯერ სურათს დავხედავდი, მერე ოთახში მყოფთ ვათვლიერებდი. შემდეგ ისევ სურათს და ყველა ამჩნევდა, რომ გაოგნებული ვიყავი. მე კიდევ ვფიქრობდი, როდის გადავიღე ეს სურათი, ან ის ბიჭი ვინ არის ჩემს გვერდით რომ დგას და რატომ ვერ ვცნობ. შემდეგ ყველა იცინის და მიზეზი ნამდვილად აქვთ. სურათზე მამაჩემია თავის ძმასთან ერთად…

დედაჩემი ყოველთვის ამბობს, რომ მამა უფრო მიყვარს და ვერც წარმოიდგენთ რა სასაცილოა, როცა ეჭვიანობს და ჩემს სიყვარულს ამოწმებს. მე რა თქმა უნდა უარვყოფ და უარყოფის ნიშნად არა მარტო თავს ვაქნევ, არამედ დამაჯერებელ და დასამშვიდებელ აბებს ერთად ვთავაზობ. ეს აბები ჩემს თავში იბადება და ცოტა ეშმაკურიც არის. მერე ვფიქრობ, რატომ ფიქრობს დედაჩემი ასე და მახსენდება…

მახსენდება, რომ ოჯახის წევრებიდან ორი ყოველთვის ერთ მხარეს დგას. ორი ანუ მე და მამაჩემი. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, მამა მართალია. ზოგჯერ ცამდე მართალიც კი…

ჩვენ არ ვლაპარაკობთ. საკმარისია შევხედოთ ერთმანეთს და უკვე ვიცით რას ვფიქრობთ. ამიტომ, მასთან ლაპარაკით არ ვიღლები ხოლმე. როგორც დედა ამბობს, მუნჯები ვართ. ჩვენს სახლში ორი მუნჯი ცხოვრობს.

დღემდე მიკვირს, თუ არ ვლაპარაკობთ მაშინ როგორღა ვჩხუბობთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ჩვენ – კიდევ უფრო ჯიუტები.

სასტიკი ჩხუბი ვიცით ხოლმე. არ სრულდება. აი, საათობით გრძელდება. ის რაღაცს იტყვის, მე დუდღუნით პასუხს ვუბრუნებ, ის ჩემს დუდღუნს აპროტესტებს, მე ვუკადრისობს, რომ ეგღა მაკლია მასზე ვიდუდღუნო. ვერც იტყვი ვერაფერს ჩემზეო- მიბრუნებს პასუხს და ასე გაუთავებლად გრძელდება, სანამ უფრო საინტერესო რამე გამოჩნდება.

არ უყვარს როდესაც რამდენიმე თვიანი განშორების შემდეგ სახლში ვბრუნდები და სახლის დალაგებას ვიწყებ. აღმოჩნდება, რომ მის ნივთებს ყველაზე მეტად ვემტერები და სად რას ვინახავ არ მახსოვს. ამიტომ, ყველაზე მეტად არ მიყვარს შეკითხვა – სად დევს? სად არის? სად შეტენე?

მე ხომ არასოდეს არ ვიცი სად შევტენე…

უიმედო ძებნის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ნაგვის ყუთში შემინახავს. საიმედო ადგილას.

ახლაც ასე იყო. ჩავედი სახლში და ყველაფერი თავდაყირა დადგა, ამჯერად – მამაჩემიც.

მახოვს ის დღე. 9 აპრილი. მახსოვს დილიდან. თვალის გახელის პირველივე წამიდან. სადღაც დილის 7 საათი იყო, მამაჩემი ოთახში შემოვიდა ტელეფონს ეძებდა და გამაღვიძა. მერე დედა შემოვიდა და გამაღვიძა იმ მაიმუნმა-მეთქი ვუთხარი. მისი ფიქრები სხვასთან წავიდა და მე დავუდასტურე, რომ მაიმუნი მისი ქმარია. გაგვეცინა. მე ძილი გავაგრძელე. ვიძინე შუადღემდე, როგორც მჩვევია. მერე საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და ეზოში ჩავედი. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ჩვეულებრივად და მშვიდად, სანამ დედამ არ დამირეკა და რაღაც გაურკვეველი სიტყვები არ მითხრა. ვერ გავიგე რას ამბობდა. ცალ-ცალკე გაგებული სიტყვების შეკავშირება ვცადე და მივიღე ასეთი წინადადება – მამა ცუდად არის, თავი დაარტყა, მოგვყავს. პირველი რაც გავიფიქრე ის არის, რომ ის ძლიერია და გაუმკლავდება, როგორც აქამდე არაერთხელ მომხდარა. სახლში ავედი. ვიცდი.

სახლიდან ვხედავ, როგორ მიდის ჩემთვსი ნაცნობი და საყვარელი ხალხი საითაოდ, სწრაფად და ნერვიულად. ვხვდები რომ ყველა ერთ ადგილას მიდის, ეს ადგილი საავადმყოფოა და ცოტას ვნერვიულობ. არავინ არაფერს ამბობს, ყველა ჩუმადაა, ერთადერთი რასაც მთხოვენ მათთან მისვლაა. სხვა არაფერი.

ხშირად მომისმენია ამბები, მსგავსი ამბები. ცოლებს, შვილებს, დედებს რომ გამონაგონი ამბებით იტყუებენ. როდესაც პირდაპირ ვერ ამბობენ ცუდ ამბებს და გაუგებრად ხსიან. წარმოვიდგინე, რომ ახლაც ასეა. მეც გავები ამ სიცრუეში, რომელიც ყველაზე მტკივნეული სიცრუეა, რაც ჩემს თავზე დატრიალებულა. ვიგრძენი, რომ ვშრებოდი. არ ვიცი ამ გადმოსახედიდან ეს როგორი გრძნობაა, არ მახსოვს, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვშრებოდი.

არ მაქვს უფლება ვინერვიულო. გვერდით ჩემი და მიდგას და პასუხისმგებლობას ვგრძნობს მისი გრძნობების და ფიქრების წინაშე. ამიტომაც, ღიმილს სახიდან არ ვიშორებ.

მივდივართ ჩუმად…!

ხალხი დაუსრულებლად მოძრაობს, ყველას სხვადასხვა ვერსია და შეკითხვა აქვს, ზოგი ერთმანეთს ესაუბრება, ზოგიც ექიმებს და ბჭობენ, რა არის საუკეთესო გამოსავალი და სად არის საფრთხე. ყველაფერი მესმის. დიდად ვერ ვარჩევ ადამიანებს. ამიტომაც დღეს, როდესაც ამბობენ, რომ მავანი და მავანი იქ იყო და ამას ამბობდა, ჩემთვის ახალია. ახალი და ცოტა ბუნდოვანი…

მამა ცოცხალია. რაც მთავარია სუნთქავს. კიდევ უფრო კარგი – იცინის. მამა უთავო მხედარს ჰგავს, რომელსაც უამრავი ექთანი ახალ თავს უკერავს, მაგრამ ის მაინც იცინის. ის მაშინაც იცინის, როდესაც ვემუქრები, რომ ამ პალატიდან გამოსულს უკვე მე მოვკლავ…

იქაც კი ნერვებს მიშლის და ჩემს დანახვაზე ამბობს, რომ ვერ მცნობს. როგორ გაუმართლა, რომ თავი გაიტეხა, თორემ ჩემს ჩხუბს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა. მე მგონი შეგნებულადაც კი გააკეთა ეს ყველაფერი იმდენად ეშინია ჩემი.

მამაჩემს ჩემი ეშინია, მე – მისი ჭრილობების.

პირველად, როდესაც პალატაში შესვლის უფლება მომცეს ვაკვირდებოდი მალავდა თუ არა ტკივილს. ვაკვირდებოდი სიტყვებს, გამოხედვას, ამოსუნთქვას და ვმშვიდდებოდი. ვიმეორებდი უასრულოდ, რომ მამა ცოცხალია…ცოცხალია და იცინის!

სასაცილო იყო, ჩემი წამოსვლის დრო რომ მოვიდა და გადავწყვიტე გამომშვიდობება. ისე მაგრად დავაწექი, რომ ის საწოლი რომელზეც იწვა გაგორდა და თავი კინაღამ მეორედ დავკარგეთ, მაგრამ ამით უფრო ვიხალისეთ ვიდრე შევშინდით…ჩვენ ხომ მუნჯები ვართ, ამიტომ ხალისიც მუნჯურ ენაზე იყო, მის ამბებსაც მუნჯივით ვიგებ. რამდენიმე დღეა წამოვედი და მისთვის არ დამირეკავს. იცის, რომ არც დავრეკავ, მაგრამ მის ამბებს მისგან დამოუკიდებლად ვიგებ.

ვიცი, რომ ამას წაიკითხავს და მინდა მოემზადოს. ნივთები გადამალოს, ნერვებს გაუფრთხილდეს და, საერთოდ, მიფრთხილდეს! მისი ნერვების მომშლელი ახალ ოინებს აწყობს, იმის აღსანიშნავად, რომ მამა ცოცხალი ყავს. ცოცხალი ყავს და იცინის!

Advertisements

“ომს არ აქვს ქალის სახე”

ყველაზე ნაკლებს ომზე ვფიქრობდი, რადგან მშვიდობა უფრო მიყვარს. მაშინ არ მიფიქრია, რომ ერთი მეორის გარეშე გამორიცხულია. არ მიფიქრია, რომ მშვიდობა ჯამია და ომი – ერთ-ერთი შესაკრები. მხოლოდ იმ ომებზე ვფიქრობდი ადამიანი რომ უცხადებს ხოლმე საკუთარ თავს და ნებით თუ უნებლიეთ თავის თავში რომ კლავს პირველსაწყისს. ვფიქრობდი ომზე, რომელიც დილიდან იწყება, იმ წამიდან მაღვიძარა რომ დარეკავს ხოლმე და გრძელდება დაძინების წამამდე.

ყოველი დღე ბრძოლის ველს ჰგავს ჩვენს ცხოვრებაში, სადაც შეიძლება გესროლონ სიმართლე და არა ტყვია. სადაც შეიძლება შეეჩეხო ღალატს და არა მტერს. ჩავარდე გასაჭირში და არა ტყვედ. ომზე თუ ვსაუბრობთ იმ დაპირისპირებასაც ავხადოთ ფარდა,რომელსაც მაშინ ვაწყდებით, როცა რაციონალური და ირაციონალური საწყისები რაიმეს ვერ იყოფს ან მაშინ, როცა იღლები მონოტონური ცხოვრებისგან და გინდა საკუთარ თავს გაექცე. ხდები პარტიზანი და იქამდე იბრძვი, სანამ საკუთარი თავის მხარდაჭერის იმედი გაქვს. მერე ამითაც იღლები. ჰო, დამღლელია მუდმივად ოკუპირებული იყოს შინაგანი ხმა და ძალიან თავაშვებული ის, რაც შენი არ არის და ვინც შენ არ გგავს.

ადრე ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ომი ყველაზე დიდ ტკივილს ქალებს აყენებს. ის მოდის და იმ ქალის პირისპირ დგება, რომელმაც ქმარი, შვილი, მამა ან ძმა უნდა დაუთმოს. დიალოგიც კი იმართება მათ შორის, სადაც საბოლოო სიტყვებად იმედი და შიში რჩება. შიში – ქალებს, იმედი – ომს. თუმცა, ეს იმედი მოგების არის და არა გადარჩენის, ეს უფრო ჟინია, ვიდრე ინსტიქტი, ეს იმედი მსხვერპლშეწირვას ითხოვს!

-გამარჯობა, ომო!- ეს სიტყვები პირველად რეპეტიცია რომ გავიარე მაშინ ვთქვი, როცა მივხვდი, რომ ერთ დღეს შეიძლება ჩემს კარზეც მოვიდეს ომი, მძიმედ დამიკაკუნოს და წარბშეუხრელმა მითხრას,რომ დროა! მითხრას და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი დროებით მთხოვოს. მერე ხელშეკრულებაც კი შეიძლება დავდო ჩემს კარზე მოსულ ომთან. აბა ისე როგორ გავატან? ასე მარტივად? ჩემი ხელით? არასოდეს! სწორედ მაშინ, ომის მნიშვნელობამ და ბუტაფორულმა წარმოდგენებმა კონტურები შეიძინა.

უცნაურია, მაგრამ ომი და სიყვარული ერთდროულად მოვიდა. მას შემდეგ ეს პატარა სიტყვა კაქტუსს დაემსგავსა. როგორადაც არ უნდა შევეხო მჩხვლეტს. მისი წარმოთქმა ისე მიჭირს, როგორც იმ ენის გასატეხებისა ბავშვიბაში რომ გვამეორებინებდნენ. მას შემდეგ ყველაფერი მაინტერესებს სადაც კი ომზე რამე წერია. მას შემდეგ დავდივარ წიგნის მაღაზიებში და ვეძებ წიგნებს ომზე, ომგამოვლილებზე, ომ…

თავდაპირველად ჩემი ყურადღება მიიპყრო თეთრ ფონზე დიდი წითელი ასოებით დაწერილმა სიტყვებმა – “ომს არ აქვს ქალის სახე”. შემთხვევითი არ არის ფერების ასეთი კომბინაცია. თეთრი ცხოვრების სიმბოლოა, რომელსაც ომის კვალი წითელი სისხლის სახით დააჩნდება ხოლმე და არღვევს მის “უბიწოებას”. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საკუთარი ფეხით მივედი წიგნთან, რომელიც სამუდამოდ შემიცვლიდა წარმოდგენებს. მახსოვს, როგორ ვკანკალებდი, როდესაც გავიაზრე რომ ეს ის არის. ჰო, ეს არის ქალების თვალით დანახული ომი. ეს ქალების ტრაგედიაა, წარუშლელი ტკივილი, რომელიც ამდენი დაგუბების შემდეგ კალაპოტიდან გადმოდის და მკითხველის გულს დიდი ძალით ეჯახება. ეს შეჯახება ისეთ ველებს წარმოქმნის, რომ გინდა თუ არა გულისძვრას განიცდი.

ერთ თვეზე დიდხანს ვკითხულობდი ამ წიგნს და გამუდმებით მიჩნდებოდა შეკითხვა, რატომ მაინც და მაინც ქალის სახე არ აქვს ომს? იქნებ, ქალის ნაცვლად ადამიანის სახე ჯობდა ან ბავშვის. არა! არ გამოვიდოდა ასეთი სულისშემძვრელი, როგორიც ახლაა. ქალი სიცოცხლის საწყისია და მისთვის ყველაზე მძიმეა სიკვდილი. ომი და სიკვდილი კიდევ მე სინონიმები მგონია, სხვაგვარად – ერთ მატარებელში მსხდომი ორი მგზავრი.

წიგნის ყოველი ფურცელი ბრძოლაა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ყველამ ისიც, არამედ უფაქიზესი დეტალებით, წვრილმანების შეგრძნებითა და ქალური პათოსით განმსჭვალული. კითხულობ და გგონია, რომ შენც იქ ხარ სისხლით გაჟღენთილ მიწაზე. ფიქრობ, რომ შენ ხარ მესანგრეთა ოცმეთაური ან სულაც – დივიზიონის. აი, ახლა, შენ მზვერავთა ასეულის მეთაურს შეუყვარდი. არავინ იცის, შეიძლება სწორედ ის ხარ ფაფას რომ უხარშავს ჯარისკაცებს. ყველგან შენ ხარ და ყოველი ამბავი ისე ახლობელი, მძიმე და ნაცნობია შენთვის, რომ მათსავით გრძნობ და გტკივა. მზად ხარ სიკვდილის მოთვინიერებაც კი შეძლო და გაარღვიო ალყა. ადგე და შეიჭრა ნაწნავები, მერე კი იტირო. ტირილი ხომ ყველაზე მეტად ჰგვრის შვებას ადამიანს?!

ილუზიაა იმის ფიქრი, რომ ერთ საღამოს ადგები და ამ წიგნს ერთი ამოუსნთქვით წაიკითხავ. მრავალი ამოსუნთქვის შემდეგაც კი დაგრჩება ის იარები, რასაც ამდენი ქალის მონათხრობი იწვევს. ის ტალღა ამ წიგნიდან რომ გადმოსკდა და ქალის თვალით შეგახედა ომზე , უფრო ძლიერია , ვიდრე პოსეიდონის მიერ აღელვებული ზღვა…

იყო და არა იყო რა… 

ყველა ქალში ცხოვრობს ქალი, რომელიც მას არ ჰგავს, ყოველივე მიზნითა და მისწრებით. აი, როცა გაიღვიძებ, ადგები, დღეს მიესალმები, ღრმად ჩაისუნთქავ, ამოისუნთქავ და ის, შენს ზურგს უკან დამალული, ყურში გიჩურჩულებს, რომ დაბრუნდე საწოლში, გადაიფარო შენი მესაიდუმლე და იგლოვო ყველა შენი ვერნათქვამი, ვერახდენილი, ვერგამხელილი გრძნობები, მიზნები, გეგმები.
როცა ამაყად, თავაწეული, მიაბიჯებ ქუჩაში, ყველა შენი ნაბიჯი სიძლიერით არის გაჟღენთილი და ის კოჭლობით მოგყვება. მხრებს გიმძიმებს. ქუთუთოებზე ისე გაწვება, როგორც ერთი დიდი უძილობა.

გაიცინებ, შენთან ერთად უხარიათ ნაოჭებს, ის კი მაგიდის ქვემოთ ფეხს დაგაჭერს და გეტყვის, რომ შენს ცხოვრებაში არაფერი ხდება სასაცილო, ყველას სულელი ეგონები, ნუ იცინიო. ნელ-ნელა, ისე რომ არავინ შეგამჩნიოს, ჯერ საცოდავ სახეს იღებ, მერე უბრუნდები საწყისს, ანუ ხდები გაუცინარი ხელმწიფის ცოლი.

მთელი გულით გინდა თქვა მაპატიე და მადლობა, მაგრამ ისეთი ამაყია, რომ უფლებას არ გაძლევს. რას იზამ, ქალია და ქალის სიტყვა კანონი, თუ როგორც ამბობს მავანი..

აი, რა არის ცხრა ბგერა, რომელსაც შეუძლია ათგზის მეტი სიცოცხლით გვაცხოვროს, რა თქმა უნდა, მიყვარხარ. როგორ გინდა იყვირო და ყველას გააგებინო, რომ გიყვარს, რომ ფერადი ხარ, მსუბუქი,მაგრამ არაო! არ შეიძლებაო! მერე ამ გრძნობას პირში ვიგუბებთ და ასე პირგამოვსებულები დავაბიჯებთ დედამიწაზე. გადაივსება ეს პირი, ვერ ვყლაპავთ და გვახრჩობს ეს ვერნათქვამი სიტყვები. ახლა ვხვდები, რატომ მახველებს ან რატომ გახველებთ.

მოხდება რაღაც სასიხარულო და დაჯერების გეშინია. იმ ქალმა, შენში რომ ცხოვრობს, გასწავლა, რომ არაფერს დაუჯერო და ნუ იქნები აღტაცებული, რადგან იქვეა ჩასაფრებული იმედგაცრუება, რომელიც ფეხაკრებით მოდის, რომ გადაგყლაპოს.

გაგიღიმებს ვინმე, გაგითბება გული, მაგრამ ამ სამწამიანი თბობა-ტკბობისგან გიხსნის ის, უკვე აღარც მინდა ხსენება, და ყალბიაო ჩამოგიწერს არგუმენტებს. შენ კი დრო არ გაქვს ყველა გაანალიზო და მიატოვებ, იქნებ ვინ მიატოვე, ადამიანო, დაფიქრებულხარ?!

გინდა წავხიდე, მაგრამ ვერ წახვალ. ოჯახსა და შვილებს რას უშვრებიო იმეორებს იმ კასეტის მსგავსად ბავშვობიდან რომ მახსოვს, ჩახვეული…რას იზამ, დგები, გადიხარ სამზარეულოში და აკეთებ საცივს, მალე შობა-ახალი წელი მოდის.

რამდენიმე წლის წინ ქმარი იგლოვე, დადიხარ შავებით, მერე ერთ დღეს სარკეში იყურები და შენ თავს ვერ ცნობ, თმას იშლი, საათობით ივარცხნი და იმ ქალს იხსენებ წლების წინ, მაგრამ ვერ იქნები ის. შენ ვეღარასოდეს იქნები ის!

დაუსრულებელად რთულია იყო ქალი, რომელიც შენ არ გგავს, მე კი უსასრულო არაფერი მიყვარს, გარდა იმ ნაკლისა, რომელიც ყუთში გამოვკეტე და კარადის თაროზე მოვათავსე. მხოლოდ კითხვა მიჩნდება ხოლმე, რომელია ჩვენ ორს შორის მართალი?! ქალი, რომელიც ჩვენში ცხოვრობს თუ ჩვენ?! იქნებ, ქალი, რომელსაც ის მამაკაცი აცოცხლებს, ვისაც ვხვდებით?!.

წერის თერაპია 

დღეს ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმ ერთ თვისებაზე, რომელიც ძალიან დიდ პლუსად მიმაჩნია. უამისოდ არც ვწონი, არც ვზომავ და, საერთოდ, მემსუბუქება ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, მონა ღვთისა თუ მხევალი ღვთისა, მთავარია ამ თვისების მატარებელი იყოს. მერე კი, რელსები იმ ადგილას მიიყვანს, სადაც თავს შეიცნობს, ოღონდ არა აპოლონის ტაძარში, არამედ სხვაგან. იქ, სადაც სხვა სივრცეა და სხვა განზომილება. სადაც შენს ორეულებში შენი თავი უნდა იპოვნო. სადაც იზრდები, იკვირტები, ხარობ და ჭკნები. ჭკნები თავშეცნობილ-თავნაპოვნი. სადაც შეგიძლია შეუძლებლის გაცოცხლება, მუქი ფერების გაღიავება, ან კიდევ გამუქება. სადაც უსასრულოა შესაძლებლობები, ოცნებები, ფიქრები, ფაქტები და თავგადასავლები. დადიხარ ერთი მხრიდან მეორე მხარეს და აიკიდებ და აიბარგებ ზურგზე საკუთარ თავს. სადაც შეგიძლია ერთხელ გაზომვით გაჭრა ან საერთოდ არ გაზომო. სადაც თავისუფლად შეგილია დროში მოგზაურობა, შენ უბრალოდ დღე აირჩიე და იქ გაჩნდები, სადაც “ნეტავ, ისევ დამაბრუნას” უნდა. საოცარია ეს თვისება. საოცარია და მაყვარებს ადამიანს.

ჰო და, ბევრი წერეთ. წერეთ და სული გადაიტანეთ ნაწერებში. ცხოვრებას ბევრი დღიური შეუქმენით. მერე კი, დააკვირდით, როდის გაგიჩნდათ პირველი ნაოჭი თვალთან ან როდის იფეთქა პირველმა ჭაღარამ…

“ტრამალის მგელი”

herman-hesse

მიჩვეული ვარ ისეთი წიგნების კითხვას, სადაც პროტაგონისტი ქალია, არვიცი ჩემი წმინდა ქალური სულისკვეთების ბრალია თუ ისე უბრალოდ გაუხსნელი საქმეა, მაგრამ რეალობად ქცეული ფაქტია. „ტრამალის მგელს“რომ „შევეხე“ მივხვდი, რომ რაღაც ჩვეულება ირღვეოდა და ვკითხულობდი რომანს , სადაც პროტაგონისტი კაცია. შესაბამისად, ის ლაბირინთები, რასაც ჰესე გვთავაზობს, უნდა გამერღვია მამაკაცის თანხლებით.. ეს იყო პირველი ხელის ჩამორთმევა , თუ რაღაც ამგვარი, ჩემსა და ჰარის შორის.

როცა საქმე ჰესეს ეხება, მკითხველმა უკვე იცის, თუ ვისთან აქვს საქმე, ან რა კატეგორიის ტექსტის დამუშავება მოუწევს. ჰესე საოცარ სიღრმეებს სწვდება გონებასა თუ სულში და იმ კუნჭულებამდეც კი შეუძლია მიაღწიოს, რომლისკენ მისასვლელ გზას ადამიანი უბრალოდ ივიწყებს.საკუთარი ტექსტებით იგი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის სწავლებას გვთავაზობს, რომელიც ადამიანს ეხმარება კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხი მოუძებნოს, მაშინ, როცა ორ სამყაროს შორის, საზღვარზე არსებულ სასტუმროში ცხოვრობს და ვერ გადაუწყვეტია საით წავიდეს.

ავიღე ეს წიგნი და პირველი 70 გვერდი როგორ შემომეკითხა არ მახსოვს, “ჩამძვრალი ვიყავი” ტექსტში, ვალაგებდი ჩემთვის ახლობელ ფაქტებს ერთ მხარეს და ძალიან უცხოებს მეორე მხარეს. მერე აღმოჩდა, რომ თურმე არაფერია უცხო და ყოველი სიტყვა იმაზე ახლობელია ჩემთვის, ვიდრე წარმომედგინა, ან წარმოგედგინათ. ვიფიქრე, აი გამოსავალიც ვიპოვე და ყველა შეკითხვას რომელიც მაწუხებს პასუხებს გავცემ-მეთქი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა, დავიკარგე ამ დიდ სამყაროში, სულიერ განცდებსა და გაორებული კაცის ცხოვრებაში, რომელიც რეალურად მგლურ და ადამიანურ ბუნებას შორის კი არ არის გახლეჩილი, არამედ ბევრი მგელი და ბევრი ადამიანი ცხოვრობს მასში ერთდროულად და მისი პრობლემა ყველას პრობლემაა, ყველას ჩაგვძახიან უცნაური ხმები და გვაფორიაქებენ. ისედაც გადაღლილს, ერთიორად გადამეღალა გონება და სული, თითქოს ვიღაც მოვიდა და ჩემი რეალობა დამანახა, აი ეს შენ ხარ, ეს შენი დაცემაა, ეს კიდევ წამოდგომა, ჰარი კი არ არის აუტანელი, ეს შენ ხარ აუტანელი, რომ სისუსტე შენ მოიგონე და ყველა შენთვის საძულველი თვისება სხვაში ეს იგივეა, რასაც შენ ვერ იტან საკუთარ თავში, მაგრამ თავს არ უტყდები. მივხვდი, რომ მეც “მენანებოდა თმენაში დაკარგული უამრავი თვე თუ საათი, რომელსაც არც რამით დავუსაჩუქრებივარ და არც ჩემი სული შეუძრავს.”
ადამიანები საკუთარი თავის არსიყვარულით მხოლოდ საკუთარ თავს კიარ ვნებენ, არამედ გარშემომყოფებს და მათ, ვისაც გულში მოათავსებენ და შეიყვარებენ.

“ზედ ჯოჯოხეთის კარიბჭესთან გტაცე ხელი და სიცოცხლისკენ შემოგაბრუნე” , მახსოვს ამ სიტყვების მთელი დღის განმავლობაში ვიმეორებდი, მძიმედ მომხვდა, ალბათ აქაც” გადავიცვი” ჰარის ცხოვრება და მსგავსი სიტუაცია საკუთარი ცხოვრების ფირისგანაც ამოვჭერი, სამუდამოდ გავაქვრე. თითქოს ფეხი დამიცდა და ირეალურ სამყაროში დავიკარგე, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ სიკვდილია, არა როგორ შედეგი, არამედ სიცოცხლისთვის უკვდავების მინიჭება. ჰო, სწორედ სიკვდილი იყო, ის ბიურგერული ცხოვრებისგან თავის დაღწევის მცდელობა, ყოფნა არ ოფნის საკითხი და გონების და გულის დაპირისპირება, როგორც მარადიული კანონი ადამიანად ყოფნისა…თუმცა, ჰესემ არ დააყოვნა და სალბუნად დაგვიტოვა ბოლო სიტყვა: “მეამებოდა, თუ მკითხველი ყურად იღებდა ჩემს შეგონებას და ირწმუნებდა, რომ მართალია, ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს ის სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა, განკურნებას ელტვის”

და ასე, ერთი თავსატეხიდან მეორეში ვმოგზაურობდი, ვფიქრობდი, რომ მეც მჭირდება, ვინმე ჰერმინეს მსგავსი, რომელიც დამოკიდებულებების განახლებაში დამეხმარება და სიცილის ნაოჭებს ერთი ორად გაზრდის. მასწავლის ცეკვას, სუნთქავს, ცხოვრების გამარტივებას, მე კი ვასწავლი ლექსებს, ჭორფლიანებს და უჭორფლოს, ან წავუკიხავ ტექსტებს, რომელბიც მისი სიყვარულით შევქმენი და ეს იქნება, რაღაც “იყო და არა იყოს რას ” მსგავსი..მსგავსი, იმიტომ რომ რეალურად ჰერმინა ჰარის ალტერ ეგოდაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც მხოლოდ ჰარიში კიარა ჩვენში ყველაში არსებობს და სხვადასხვა სახით გვეკონტაქტება.
როცა ადამიანი სარკეში იხედება მხოლოდ ვიზუალს ხედავს, ხოლო საკუთარ სულში ჩახედვას და ჩაღრმავებას ხშირად ვერ ახერხებს, ან იქ ისეთი ქაოსი ხვდება, რომ გიჟივით გამორბის და უკან მიხედვას არც კი ლამობს, მაგრამ ასეთი საქციელით არასდროს გვეცოდინება, როგორია ჩვენი “შიშველი სული” და ვერასდროს ჩავწვდებით მაგიური თეატრის არსს, შედეგად კი ცხოვრება ბუტაფორიას დაემსგავსება…

ტირიფები

tumblr_ohhsxfNIqN1rwu8obo1_1280.jpg

ჩემი ფანჯრიდან ტირიფების ბაღი ჩანს. მე ასე ვეძახი, სხვები არვიცი. ტირიფებს წრე შეუკრავთ და გაზაფხულის ცეკვას ცეკვავენ, ჩემთვის ყოველი  დღე გაზაფხულია, თუნდაც ზამთრის…

-ხომ ლამააზები არიან ტირიფები,მართა? შეხედე,   ის განსაკუთრებულად ლამაზია, მაღალი და ჭრელკაბიანი.ხედავ?
-არა, მე ის მომწონს, ღილებიანი კაბა რომ აცვია, ფიქრიანად იყურება და ნახე როგორ მოძრაობს..
-მართა, შენ იცი,  რატომ არის ტირიფი ასეთი?
-როგორია?
-ხომ ხედავ, შეხედე, დამნაშავეს ჰგავს
-მე კიდევ მგონია, რომ დაიღალნენ
-ცეკვით?
-აბა რა ვიცი
-მე მგონი, ტირიფობით დაიღალნენ
-ეგ როგორ? ტირიფობა ცუდია?
-უფრო რთული
-რაიცი?
-ვხვდები
-მაინც როგორია ტირიფობა?
-ბებო მეუბნეებოდა, ტირიფები სულ ტირიანო..
-ბებოს ვინ უთხრა?
-არვიცი, მაგრამ მას შემდეგ სულ ვაკვირდები და  კაბების გარდა,  მათ სახესაც ვუყურებ, ვცდილობ სულში ჩავხედო და წავიკითხო მათზე..
-ტირიფებს სული აქვთ?
-სულელო, აბა კაბებს როგორ ჩაიცმევდნენ?!
-სულელი შენ ხარ, რას მატყუებ
-არ გატყუებ, ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც ერთი შეხედვით ჩანს,მაგრამ ბებო ამბობდა, ადამიანი შიგნიდან უფრო სევდიანია და სევდისფერიო.
-სევდისფერი რაფერია ?
-ალბათ, ტირიფისფერი
-აბა დაიფიცე
-დედა(ლ)ს გეფიცები
-მატყუარა, დედალი შენ ქორწილში დაიკალი
-აბა დამიმარცვლე
-დ ე დ ა (ლ) ს
-აი, ლ გავიგონე
-კარგი, ჰო,  მაპატიე, გინდა ახლოს მივიდეთ და ჩავხედოთ?
-წამოდი

სახლიდან ისე გავედით ვერავინ შეგვამჩნია, ჩვენი აღმზრდელი საჭმელს აკეთებდა. მაშინ არ ვიცოდი აღმზრდელი რას ნიშნავდა, სოსო ძიამ მითხრა, თქვენზე ვინც ზრუნავს და გივლით აღმზრდელიც ის არისო. მახსოვს, გაკვირვებული სახე მივიღე და ჩემმა სახემ სოსო ძიას კიდევ უფრო გაკვირვება გამოიწვია.
-ვერ მიხვდი გოგო?
-ვერააა
-მაგხელა თავი რისთვის გაქვს აბა?
-ჯერ არ ვიცი
-სულ გადამრევს ეს ბავშვი, ჭამე, ჭამე, იქნებ ჭკუა მოგემატოს
……

მე ქეთა ვარ, როგორც ბებიამ მითხრა ეს სახელი მან დამარქვა,-ქალიშვილისთვის უნდა დამერქმია,მაგრამ მუცელში გამიწყალდა, ჯერ არდაბადებული მიყვარდა,  ამიტომ შენ დაგარქვი მისი სახელი,  ბებოს გოგოვ..
ბებია მაღალი იყო. საოცრად ლამაზი ტანი ჰქოდა, დამსვავდა სახლის წინ და თვითონ ფუსფუსებდა. დრო და დრო გამომხედავდა ხომ ისევ იქ ვიჯექი. აბა სად წავიდოდი? მის კალთას არასდროს მოვშორებივარ, ბებო იყო ჩემი დღე და ღამის გამნათებელიც, შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი და მეყურებინა მისთვის,  როგორ არხევდა ნაადრევად დაბერებულ, ბედიერება გაუსინჯავ ტანს.    მახსოვს,  მოტკბო სუნი ასდიოდა,  რომ ჩამეხუტებოდა მაგრად მოვხვევდი ხელებს,რომ იმ სუნით დავმტკბარიყავი. სიკეთის სუნი ჰქონდა ბებიას. რომ მოკვდა,  მაშინაც ის სუნი ტრიალებდა მთელ ოთახში. სოსომ მითხრა მოკვდაო, მე არ ვიცოდი. მე მეგონა, დილით რომ არ გამაღვიძა დაიღალა და ძინავსთქო. ავდექი,  მის ძილში კიდევ „დიდი ქალი“ ვითამაშე და წყალთან მივედი, თეფშების გასარეცხად. ერთი თეფში გამიტყდა , ხელი გავიჭერი და გააუჩერებლად მოვრთე ტირილი.  სოსომ გაიგო და გამოვიდა. იმან ნახა ბებიაჩემი პირველად, ამის შემდეგ აღარ მიყვარს სოსო. მხოლოდ ეს სიტყვები მახსოვს:
-ვინ მიხედავ ამ ობოლს და უბედურს..
….

სოსო ჩვენი მეზობელია. კოჭლია და ტანსაცმელი სულ დახეული აცვია.ხანდახან ბებია უკემსსავდა, მაგრამ მეორე დღეს, რომ შევხედავდით ისევ გარღვეული ჰქონდა, ამჯერად ერთი არა, ორი და სამი, ზოგჯერ ნაფლეთებიც ეცვა სოსოს.ბებო ამბობდა:
-ადამიანის ცხოვრებაც ასეა შვილო
-როგორ ბებო, სოსოს ტანსაცმელივით?
-ჰო შვილო, სოსოს ტანსაცმელივით, მეტყოდა და თავზე მაკოცებდა, მერე გააგრძელეებდა თავისთვის, ჩუმად..
ყველა ადამიანს იარა აქვს ბებო,  მოუშუშებელი, შეუხორცებელი იარა.  ზოგის არ ჩანს და ზოგის კიდევ  სოსოს ტანსაცმელივით თვალშისაცემია, შენ კარგად იყავი ბებო, ჩემო ბროლია, ღმერთს ვთხოვ არაფერი გაგიჭირვოს.
მაშინ ბებოს ეგონა,რომ არ მესმოდა, არადა ყველაფერი მესმოდა , ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვიმახსოვრებდი, ვიმახსოვრებდი და ვალაგებდი , თითქოს როდესმე ამ საიდუმლოს ამოვხსნიდი, გავიქცეოდი, მივირბენდი  ბებოსთან და ვეტყოდი:
-ვიციიი, ვიციი,  იცი მე ვიციიი…

ბებო ისე მოკვდა ამის თქმა ვერ მოვასწარი…
მის სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ და…
….
წვიმდა, დილიდან უცნაურად , გადაუღებლად წვიმდა… ეჩვენებოდა, მხოლოდ მის ეზოში წვიმდა ასე, შეიძლება მართალიც იყო…უცნაურად დარაჯობდენ შემოდგომის ხეები, ცრემლებივით აფრქვევდნენ დაჟანგებულ ფოთლებს და ასუქებდნენ მიწას, ირგვლივ ჟანგიანი ფოთლების სუნი იდგა,მძიმე და ჩუმი. მოხუცი მიხვდა , რომ კვდებოდა. საშინელია ამაზე ფიქრი, საშინელია იმის გააზრება, რომ უძლური ხარ.
ერთი..
ორი…
სამი…
ნაბიჯებს უმატებდა სიკვდილი, მოდიოდა და რაც უფრო ახლოს მოვიდოდა, უფრო მკაცრ სახეს იღებდა, წარბშეკრული, ცივი თვალებით, უფერული სახითა და მხრებზე რკინის ეპილოტებით გამოესახა მოხუცს. თითქოს ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს და ერთმა მოვალეობა შეასრულა, მეორემ – ვალდებულება.
იმ დღიდან, არავის არაფერი ეჩვენებოდა. მხოლოდ მის ეზოში წვიმდა ასე უცნაურად და გადაუღებლად…
….

-მართა, ახედე აბა ტირიფებს
-კისერი მტკივა
-მათ რაღა უნდა თქვან, მთელი ცხოვრებაა ასე არიან, მაგრამ მაინც ცეკვავენ
-ეს ცეკვა რას დაიჩემე, სინამდვილეში ხომ ისინი არ ცეკვავენ, ეს ხომ ჩვენი თამაშია
-ყველაფერი გააფუჭე
-რა გავაფუჭე
-შენ ისინი ტირიფობაში ამხილე
-ვერ გავიგე..
-ბებო ამბობდა, ადამიანი ზოგჯერ თავის ტკივილს მალავს, სხვასაც რომ არ გადაედოს და თავს ბედნიერად გვაჩვენებსო. შენ კიდევ მათ ამის საშუალება არ მიეცი..
– რა უცნაურია ხარ
-მაინც როგორი?
-დიდი ქალივით ლაპარაკობ
-არაფერიც, რაა
…..

ბებია რომ მოკვდა 7 წლის ვიყავი. მაშინ მეგონა, რომ მოკვდა, ახლა ვიცი რომ გარდაიცვალა. ის რომ გარდაიცვალა მაშინ ვნახე პირველად ამდენი ხალხი, ამდენი ხელი და ამდენი ფეხი. ბებიაჩემის ნივთებში იქექებოდნენ და ახლა ვხვდები, როგორ აფათურებს უცხო ხელი, უცხო სულში და როგორ აურევს ხოლმე დალაგებულ და სახელდარქმეულ ნივთებს, ამბებს, გრძნობებს. ისინი ზუსტად ასე იქცეოდნენ, მოქმედებდნენ, მოქმედებდნენ და სხვა არაფერი…

ბებიამ რომ სახლი დატოვა, მალე მეც წამიყვანეს უფრო დიდ სახლში, სადაც  ჩემი ოთახი ყველას ოთახი იყო, ჩემი სათამაშო ყველას სათამაშო, სადაც ყველა ერთია და ერთნაირი. რამდენიმე წელი ვერ ვხვდებოდი, რატომ ერქვა იმ ქალს ბებიაჩემის სახელი, ანუ აღმზრდელი და მზრუნველი?! სულ მიკვირდა, რატომ არავინ იჭერდა ქურდობისთვის, სახელის, ფუნქციების მითვისებისთვის.. ვიზრდებოდი  ყოველ ღამე, ძილში და ვიღვიძებდი იმაზე დიდი და იმაზე ჭკვიანი, ვიდრე დაძინებამდე ვიყავი. ვითვლიდი ყველა ბედიერ წუთს და ვივიწყებდი არცისებედნიერებს, მინდოდა დიდი რომ გავიზრდებოდი ბებია გამოვსულიყავი. ახლა დედა ვარ, ალბათ ბებიაც გამოვალ…
როცა ყველას  და ამავდროულად არავის სახლი დავტოვე უკვე სრულწლოვანი ვიყავი. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენი დაბრკოლება შემხვდა გზად, როგორ ადამიანებს არ შევხვედრივარ, ამ დაბრკოლებებისა და მრავალფეროვანი ადამიანების მიუხედავად, შევძელი და დღეს წარმატებული ვარ.
სიამოვნებით დავბრუნდებოდი წარსულში და შევუსწორებდი სოსო ძიას:
-მე უბედური არ ვარ!
….

სიკვდილამდე, რამდენიმე დღით ადრე, ბებიამ მითხრა:

-ვინც არ უნდა გამოხვიდე, ყოველთვის იქნები მწერალი და მხატვარი
-რანაირად ბებო?
-რანაირად ბებო და მაგას დრო მოვა და თავად გასცემ პასუხს

დღეს,  ვთვლი რომ დრო მოვიდა…
თუ კი, მართასთან ერთად ტირიფებს ვაცეკვებდი და მოვაწყენდი, დღეს ჩემს ცხოვრებას ვექცევი ხან ასე და ხანაც ისე. მე მწერალი ვარ, ჩემი ცხოვრების მწერალი, ჩემი ბიოგრაფიის შემქმნელი, ჩემზეა დამოკიდებული ვინ მინდა, რა მინდა და რანაირად..
ერთ ხელში კალამი მიჭირავს და ვწერ, მეორეში ფუნჯი და დაწერილს ვაფერადებ. ვაფერადებ იმ ფერებით, რომლებიც მინდა და რომლითაც ტირიფებს ჭრელი, ღილებიანი და ზოგჯერ მწვანე ხავერდის კაბა აცვიათ..
ჩემზეა დამოკიდებული ბუნების კანონს მივყვები, თუ მუდმივად გაზაფხული იქნება…
და, საერთოდ, მზის ამოყვანა ღამის ცაზეც შეიძლება,  მაშინაც კი, როცა მთვარის ჯერია….

მე ქეთა ვარ, ობოლი და წარმატებული,
ტირიფი- ჩემი გაკვეთილი,
ხოლო, ბებია- ჩემი ადამიანი…

“A Doll’s House”

არსებობს ემოცია, რომელიც სამუდამოდ რჩება ჩვენს ცხოვრებაში, არსებობს კადრი, რომელიც არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან, არსებობს გრძნობა – დაუვიწყარი, ფიქრი – მარადიული, ტკივილი – გაუჩერებელი,
და არსებობს ნორა, ქალი, რომელიც ჯვარს აცვეს და მკვდრეთით აღსდგა!

მოგმართავთ თქვენ, ჯვარზე გაკრულო ქალებო,
აღსდექით და იყვირეთ, რომ
არ ხართ თოჯინები,
არ ხართ მონა ხვთისას მხევლები,
არც ძალიან სუსტები და დაუცველები,
ვერ დაიტევთ და ვერ დაიგუბებთ ამდენ შხამსა და ტკივილს,
რომ არაფერი არ ღირს ქალურობის დაკარგვად,
არ ღირს მსხვერპლად ეწირებოდე ილუზებში გაჩენილ ბენდიერებას,
არ დასაჯოთ და არ დაადანაშაულოთ თავი!
აღსდექით და დაამსხვრიეთ ეს ვერშემდგარი, ვერგამართლებული
ორ ბეჭედ შორის კავშირი,
გააღეთ ყველა კარი, ყველა ფანჯარა, ყველა საიდუმლო ყუთი,
გააღეთ და
გათავისუფლდით…

248270_225799714113924_293477_n